უვიზო რეჟიმის შემდეგ რის გამო შეიძლება არ შეგვიშვან მესაზღვრეებმა ევროპაში

უვიზო მიმოსვლის შემდეგ შემცირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის შანსი, ევროპაში იმოგზაურონ – ნაწილი ფიქრობს, რომ ვიზა გარანტი იყო იმისა, რომ ევროპის ქვეყანაში შესვლას შეძლებდნენ, უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში კი, ჩვენი ევროპაში შესვლის გადაწყვეტილება რიგითმა მესაზღვრემ უნდა მიიღოს.

საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევნ, რომ აუცილებელია, საზოგადოების სწორი ინფორმირება, თუ რა არის ვიზალიბერალიზაცია და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ქვეყნებში წამსვლელი მოქალაქე.

მთავარია, სასაზღვრო პუნქტთან მგზავრმა ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინოს.

თუმცა, მოწესრიგებული საბუთების მიუხედავად, არის თუ არა შანსი, რომ მესაზღვრემ სამშობლოში აეროპორტიდანვე გამოგვაბრუნოს :

’’ასეთი რაღაცა შესაძლოა, მოხდეს ჰიპოთეტურად, მაგრამ  შანსი მინიმალურია. თუკი მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში აქვს, რასაც ითხოვს ევროკაშირი, არანაირი პრობლემა არ უნდა შეიქმნას. მაგრამ, ყველანაირად მოწესრიგებული საბუთების წარდგენის მიუხედავად, აღნიშნული შემთხვევას მაინც  თუ აქვს ადგილი, პირს  შეუძლია, ადგილზევე მოითხოვოს სხვა მესაზღვრეების დახმარება და იკითხოს, თუ რის საფუძველზე არ უშვებენ ქვეყანაში.  არ მგონია, რომ იქ პიროვნულ დონეზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ვგულისხმობ ფიზიკური მახასიათებლის, ან მსგავსი ფაქტორის გამო,“ -განაცხადა „ფორტუნასთან“ საერთაშორისო საკითხების სპეციალისტმა გიორგი ლომთაძემ.

რის გამო შეიძლება არ შეგვიშვან ევროპაში

თუ ნასამართლევი ხართ, ეს, შესაძლოა, თქვენი ევროპაში არშეშვების მიზეზი გახდეს. ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ ბაზაშია შეტანილი.

„ამ დროს მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს საქართველოს წარმომადგენლობას იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება და  შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. ხოლო, თუ  პირი დარწმუნებულია, რომ მას ყველა სახის დოკუმენტაცია წესრიგში აქვს,  ჩვენი წარმომადგენლობა  კონკრეტულ ქვეყანაში ვალდებული იქნება, გაუწიოს საკუთარ მოქალაქეს დახმარება,  ეს არის საკონსულო, თუ საელჩო,“ – ამბობს ლომთაძე.

რა სარგებელს მოგვიტანს ვიზალიბერალიზაცია

სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი იქნება. მაგალითად, თუ მოქალაქეს ბიზნესის წამოწყება უნდა, მარტივად შეძლებს ევროპის სასურველ ქვეყანაში ჩასვლას და უკან დაბრუნებას. ეს კი მის ბიზნესსაქმიანობას უფრო გაამარტივებს.

„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას სიმბოლური მნიშვენელობაც დიდი აქვს.  კერძოდ, ეს დასტურია იმის, რომ საქართველო  კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას,“ – ამბობს ლომთაძე და აქვე განმარტავს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მოგვცემს საშუალებას,  შენგენის ზონის ქვეყნებში სამუშაოდ დავრჩეთ.

თუ კანონს დაარღვევთ და სამუშაოდ დარჩებით, ევროპიდან დეპორტაცია გემუქრებათ.

რა მოხდა მოლდოვაში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მთავრობამ მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის წესები და იქ დარჩენის ვადები დეტალურად უნდა გააცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ის, რაც მოხდა მოლდოვაში :

„ სანამ მოლდოვას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია დაუწესდებოდა, ვიდეორგოლები ტელევიზიით ტრიალებდა –  თუ რას ნიშვავს უვიზო მიმოსვლა და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ამას მოქალაქების დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევდა და შეცდომაში შევიდნენ. ბევრს ეგონა, რომ  უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში დარჩებოდა და  მუშაობის საშუალებაც ექნებოდა. როცა უკვე მიიღო მოლდოვამ უვიზო რეჟიმი, ვიდეორგოლების ხელახლა აღარ გაუშვიათ და მოქალაქეების მოლოდინი რეალობას არ დაემთხვა. სწორედ ამიტომ, ხშირი განმარტება და  სწორად ინფორმირება უმთავრესია’’ – ამბობს გიორგი ლომთაძე.

უხარიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაცია

„ფორტუნასთან“ საუბრისას მოქალაქეების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მიესალმებიან და მოუთმენლად ელოდებიან, როდის შეძლებენ საკონსულოების გვერდის ავლით გაემგზავრონ ევროპის ქვეყნებში.

მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციამ, შესაძლოა, მათთვის მოგზაურობა გაართულოს.

„ძალიან კარგია, თუ სავიზო მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება საჭირო, თუმცა მაინც ვფიქრობ, ბევრისთვის უვიზოდ წასვლა პრობლემა იქნება, მათ შორის იმ ხალხისთვისაც, ვინც აქამდე დადიოდა ვიზებით. მესაზღვრის პირადი გადაწყვეტილება თუ იქნება ვინ შევა და ვინ არა, ვისი ღიმილი მოეწონება და ვისი გასაპარსი სახე – არა, შესაძლოა, მეტი პრობლემა შეგვექმნას,“ –  ამბობს ია შუბითიძე.

„ძალიან ცუდი იქნება, თუ ტყუილად ვიყიდით ბილეთს და ადგილზე ჩასულებს უკან გამოგვაბრუნებენ, ან – სამეგობროდან რამდენიმეს შეუშვებენ და რამდენიმეს უკან დააბრუნებენ, მაგრამ მგონია, რომ საბოლოოდ დალაგდება ყველაფერი, თანაც მიხვდებიან, ვინ არის რეალურად მოგზაურობის მსურველი, ვისაც საქართველოში სამსახური, შემოსავალი აქვს და ა.შ. ისევ უპრობლემოდ იმოგზაურებს, დარწმუნებული ვარ,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ნინო ნადირაძე.

რა საბუთებს მოგვთხოვს უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ევროპელი მესაზღვრე

მას შემდეგ, რაც შენგენის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაცია დაწესდება,  ამ რეჟიმით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე  180 დღის განმავლობაში 90 დღის ვადით. სასაზღვრო პუნქტთან კი  მოქალაქეებს, შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დასაბრუნებელი ბილეთი.
სამოგზაურო დაზღვევა
სასტუმროს ჯავშანი.

fortuna.ge

გაზიარება