,,მკვლელი ქუჩები” ქალაქში – სად ხდება ყველაზე მეტი ავარია?

„დავიცვათ სიცოცხლე გზებზე“, „არა ავტოკატასტროფებს“, „საგზაო უსაფრთხოება – ქვეყნის პრიორიტეტი“ – ეს ის სლოგანებია, რომლითაც არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება ავტოავარიების სტატისტიკის ზრდას აკრიტიკებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გაატაროს ღონისძიებები საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აღმაშენებლის ხეივანზე ავტოავარიას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

თუ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, აშკარაა, რომ ავტოავარიების რიცხვი გაიზარდა. 2016 წელს ავტოავარიის შედეგად 581 ადამიანი დაიღუპა, 9951 კი დაშავდა. 2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა. საგანგაშო სტატისტიკის პარალელურად, არასამთავრობო სექტორი დედაქალაქში არსებულ შავ წერტილებზე ალაპარაკდა, ანუ იმ ადგილებზე, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი ავარია ხდება, ან ავარიების რისკი იმატებს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დედაქალაქის სამ „მკვლელ ქუჩას“ ასახელებს. „თბილისში სამ მონაკვეთს გამოვყოფდი. პირველი ბელიაშვილის ქუჩაა. ეს ადგილი რამდენიმე მიზეზის გამო ყველაზე მძიმე მონაკვეთად ითვლება. ეს ქუჩა ძირითადად საზოგადოების თავშეყრის ადგილია, რადგან ამ ქუჩაზე რესტორნების ქსელია განთავსებული. მოძრაობა ინტენსიურია. ავტომობილები ავითარებენ მაღალ სიჩქარეს და აქ არ არის არც რადარი და არც მაკონტროლებელი, ვინ რა სიჩქარით გადაადგილდება. მეორე – პარკირება არასწორადაა დახაზული და ის უნდა იყოს ტროტუარის პარალელური და არა 45%-იანი დახრით. ყველა ავტომობილი, რომელიც რესტორნიდან გამოდის, ქმნის ავარიულ სიტუაციას და მესამე, თავშეყრის ასეთ ადგილში ქვეითის არც ერთი გადასასვლელი და შუქნიშანი არაა. ბელიაშვილზე გვაქვს ჩქაროსნული მაგისტრალი, სადაც ხალხი იხოცება.

მეორე ადგილი ვაშა-ფშაველასა და ტაშკენტის ქუჩის კვეთაა. ზოგადად, ვაჟა-ფშაველას გამზირი ავტოავარიების კუთხით გამოირჩევა, რადგან აქ ბევრი სამოძრაო ზოლია. ავტომობილები ღამის საათებში სიჩქარის განვითარებას ახერხებენ. ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად გზაჯვარედინებზე ხდება.

ასევე, გამოვყოფდი საზოგადოებრივი მაუწყებლისწინა ტერიტორიას კოსტავას ქუჩაზე. როდესაც ავტომობილები გვირაბიდან ამოდიან და მაღალი სიჩქარით მოდიან, ხდება ნაკადების შერწყმა და აქ ავარიის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. მივესალმები, რომ ზოოპარკი ამჟამინდელი ადგილიდან გადადის, იმიტომ რომ საგზაო მოძრაობის ყველაზე რთულ მონაკვეთშია. შესაბამისად, ვიზიტორები ბავშვები არიან და რისკი იმატებს.

ასევე, დედაქალაქში მომრავლდა მწვანე შუქნიშანი ქვეითისა და მძღოლისთვის ერთდროულად. მაგალითად, ყაზბეგის გამზირია ასეთი ადგილებით დატვირთული, ასევე, ვაკე. ეს ნიშნავს იმას, რომ მწვანე ქვეითისთვისაც და ავტომობილებისთვისაც ერთდროულად ირთვება და ქვეითები და ავტომობილები ერთდროულად მოძრაობენ. ყველა ეს ადგილი არის მაღალი რისკის, ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის თვალსაზრისით“.
დავით მესხიშვილის თქმით, ხშირად ავარია გაუმართავი გზების, არასწორად დამონტაჟებული შუქნიშნების და ინფრასტრუქტურის ბრალია, ამის მიუხედავად კი, დამნაშავე ყოველთვის მძღოლია. ექსპერტი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და „პრობლემური მონაკვეთების“ ექსპერტული შესწავლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი:
„პრობლემურ მონაკვეთებზე“ ექსპერტული შესწავლა უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ექსპერტთა ჯგუფი უნდა ადგენდეს, რაიმე პრობლემა ხომ არ არის, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ასეთი მიზეზები შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პრობლემა, ხე-მცენარეები, საგზაო ნიშანი, შუქნიშანი, მოხვევის კუთხე. ჩვენს რეალობაში ასეთი შესწავლა არ ხდება და ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველთვის მძღოლის ბრალეულობა იკვეთება“.

დავით მესხიშვილი, პრობლემაზე საუბრის გარდა, მოგვარების გზებზეც საუბრობს და პირველ ნაბიჯად „საგზაო უსაფრთხოების“ შესახებ კანონში ცვლილებების დროულად შეტანას ასახელებს.

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი:
„უნდა მივიღოთ ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება… საპატრულო პოლიცია უნდა გადამზადდეს, რაც შეიძლება დროულად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მეორე ნაბიჯი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, ხშირად, საგზაო ნიშნები შეცდომითაა დამონტაჟებული და დროულად უნდა გამოსწორდეს. მთავარი, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. სკოლებში უნდა არსებობდეს შესაბამისი პროგრამები საგზაო უსაფრთხოების თემაზე. ამას თან ერთვის ავტოსკოლების პრობლემა, იმიტომ რომ დღეს ავტოსკოლებში მომზადება თაღლითურად ხდება. მომზადება ავტოსკოლების ნაწილში კოდირების გზებზეა გადასული. ხდება თეორიული გამოცდის მოტყუება და ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც დღეს მართვის მოწმობას იღებს, არ აქვს არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა. ფაქტობრივად, მართვის მოწმობა ხელში პოტენციურ მკვლელს უჭირავს, რომელმაც არ იცის, რომ თავად შეიძლება იყოს პოტენციური მკვლელი“.

primetime.ge

გაზიარება