თავდაცვის სამინისტრო სამხედროების მასობრივ ინტოქსიკაციას კატეგორიულად უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედროების მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ლაზარეთს მხოლოდ სამმა სამხედრო მოსამსახურემ მიმართა, რომელთაც ქრონიკული გასტრიტისა და დიზბაქტერიოზის მცირე პრობლემა დაუდგინდათ.
"ამბობენ.ჯი" თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2 აპრილს, საველე სწავლების შემდეგ, სამმა სამხედრო მოსამსახურემ, მიმართა ლაზარეთს, სადაც დადგინდა, რომ მათ მცირედი პრობლემა ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი) ფონზე შეექმნათ. სამხედრო მოსამსახურეებს აღმოუჩინეს ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. ისინი იმ საღამოსვე დაუბრუნდნენ ქვედანაყოფს და გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
თავდაცვის სამინისტრომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა წერილით, რათა ლაბორატორიულად შემოწმდეს საკვები და სასმელი წყალი. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო მსგავს ლაბორატორიულ შემოწმებებს პერიოდულად ახორციელებს შერჩევითი მეთოდით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება