"ე.წ ციანიდის საქმეზე დგინდება, რომ დანაშაული ერთმა ადამიანმა ჩაიდინა"

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით,ე.წ ციანიდის საქმეში გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებით დგინდება, რომ დანაშაულის ფაქტი ერთმა ადამიანმა ჩაიდინა, და ეს არის დეკანოზი გიორგი მამალაძე.

როგორც შოთაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, სხვა პიროვნებების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება.

„მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმის დასადგენად თუ კონკრეტულად ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ შხამიანი ნივთიერება. გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. მის მიმართ წარდგენილია შესაბამისი ბრალდება. მე სხვა პიროვნებების მიერ რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ამაზე შესაბამისი საპროცესო და სხვა მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება“,-აღნიშნა პროკურორმა.

გაზიარება