ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 2014 წელს $124 მილიონით შემცირდა

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა გასული წლის მანძილზე $124 მილიონით შემცირდა და მან 2014 წლის ბოლოსთვის $2,677 მილიარდი შეადგინა. სავალუტო რეზერვების შემცირება ლარის დასტაბილურების მიზნით სებ-ის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციამ გამოიწვია. 2014 წელს სულ ეროვნულმა ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით $300 მილიონი გაყიდა, 2014 წელს ეროვნული ბანკის ინტერვენცია ორჯერ მოხდა, პირველად ეს 2014 წლის დასაწყისში იყო, როდესაც ბანკმა 2013 წელს დაწყებული გაუფასურების შესაჩერებლად გაყიდა უცხოური რეზერვები, ხოლო მეორედ კი მაშინ, როდესაც 2014 წლის ნოემბერში ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება. სებ-მა წინა წელს რეზერვების შესავსებად სულ $280 მილიონი იყიდა.

ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობას 2009 წლიდან მოყოლებული აღმავალი დინამიკა ჰქონდა, 2013 წლის ბოლოს კი ეს აღმავლობა დაღმასვლით შეიცვალა. რეზერვების მოცულობა მაქსიმალური 2013 წლის აგვისტოში იყო, როდესაც ის $3,1 მილიარდს შეადგენდა.

2015 წლიდან ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაყიდვა გააგრძელა, ბანკმა თებერვალში ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც ბანკმა $80 მილიონი გაყიდა. უკანასკნელ 19 თებერვლის აუქციონზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2,14 ლარი შეადგინა.

სავალუტო რეზერვების არსებობა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ ბანკში ინახებოდეს ქვეყნის მინიმუმ სამი თვის იმპორტის ექვივალენტი მოცულობის თანხა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მათ შორის სავალუტო ფონდის მოთხოვნასაც წარმოადგენს, იმპორტის მოცულობის ზრდის პირობებში კი ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არ შეუძლია ქვეყნის უცხოური რეზერვების მოცულობა $1,6 მილიონზე მეტად შეამციროს, რადგანაც სწორედ $1,6 მილიარდი შეადგენს საქართველოს სამი თვის იმპორტის მოცულობას.

tabula.ge

გაზიარება