გარემოვაჭრეები და კაპიტალისტური წესრიგი

 ავტორი: ლელა რეხვიაშვილი

2012 წელს პირველად გავედი ველზე, გარემოვაჭრეობის შესასწავლად. პირველ დღეებში არავის გავსაუბრებივარ, უბრალოდ დავხეტიალობდი „დეზერტირების ბაზარსა“ და რკინიგზის სადგურს შორის და ვცდილობდი იქაური ქაოსისთვის ალღოს აღებას. მაშინ გარემოვაჭრეებს ხშირად ადვილად ვერ აღიქვამდი, უნდა აღმოგეჩინა ან თავად გამოგცნაურებოდა. ერთხელ ქუჩაში მჯდარ ბებოს ჩავუარე. ტროტუარზე იჯდა სკამზე. საკმარისად რომ მივუახლოვდი, კალთა გადაიწია და კაბის ქვეშ ატმებით სავსე კალათა დამანახა. დაინტერესება რომ შემატყო, უცებ პატარა სასწორი მოიმარჯვა და სანამ რამის კითხვას მოვასწრებდი, ყველაფერი ძვირფასი დაიფიცა, რომ წონაში ცხოვრებაში არ მოუტყუებია მყიდველი. ამ ისტორიით იმიტომ ვიწყებ, რომ განმსაზღვრელი მგონია გარემოვაჭრეთა დევნის მორალური ხარჯი – სახელმწიფოს მხრიდან მოვაჭრეების დემონიზაცია ბურჟუაზიული ღირებულებების (სისუფთავის, ჰიგიენის, წესრიგის) ფრიალის გზით. სახელმწიფო სტრატეგია მარტივია და არა მხოლოდ სხვადასხვა ქართულ მთავრობაზე, არამედ მსოფლიოს უამრავ ქალაქსა თუ რეგიონზე ვრცელდება: მარგინალიზებულ მოსახლეობას და მათი არსებობისთვის ბრძოლის გამოვლინებებს ძალაუფლებაში მყოფნი პირველ რიგში დისკურსიულად უტევენ, საჯარო ინტერესის წინააღმდეგ მომუშავებად შერაცხავენ, უღირსობას და არაკეთილსინდისიერებას სწამებენ. იმის ფონზე, რომ ოდნავ უფრო ნაკლებად მარგინალიზებული მოქალაქეები ადვილად ჰყვებიან მსგავსი დემონიზების დისკურსს და ამ დისკურსის რეპროდუქციის ნაწილიც ხდებიან, დემონიზებულების ცენტრალური ამოცანა სწორედ ამ დისკურსთან შეწინააღმდეგება და ღირსების შენარჩუნებისთვის ბრძოლა ხდება.

დღეს 2012 წელთან შედარებით გარემოვაჭრეები ბევრად მეტ მხარდაჭერას იღებენ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან. ამ სიმბოლურ და მორალურ მხარდაჭერას – იქნება ეს დემონსტრაცია, სტატია თუ კომენტარი (ნახეთ თამუნა ქებურიას სტატია და ვაკო ნაცვლიშვილის კომენტარი) – დიდი მნიშვნელობა აქვს. მოვაჭრეებს განდევნის პოლიტიკასთან შეწინააღმდეგების საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვთ და წინააღმდეგობის შემოქმედებითი გზების გამონახვის უნარიც. ეს ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე დაუნდობელმა შეტევამ („ნაცმოძრაობის“ დროს და განსაკუთრებით 2010-2012 წლებში) ვერ გატეხა. ჩემი აზრით (და ქვემოთ ავხსნი, რატომ), დღესაც ვერ გატეხავს, მაგრამ მორალური და ეკონომიკური ხარჯი ამ გაწმენდის მცდელობებისას კონკრეტული გარემოვაჭრეებისთვის უზარმაზარია. ამიტომ აქვს აზრი მათი ბრძოლის ლეგიტიმიზაციაში მუდმივ ჩართულობას.  მგონია, რომ საზოგადოებრივი რესურსი ამ ჩართულობისთვის მოიძებნება და ვეცდები, განვმარტო, კონკრეტულად სად შეიძლება, დავინახოთ ეს რესურსები.

ქართულ საზოგადოებაში, პრინციპში, ყველა საჯარო საკითხთან პოზიციონირების შემთხვევაში, კარგად გამოჩნდება ხოლმე უნივერსალური ღირებულებებისა და კერძო თუ კომუნალური ლოიალობების მუდმივი ჭიდილი. ამაში რას ვგულისხმობ: ერთი მხრივ, მოქალაქეები მხარს უჭერენ დასავლური და კომუნისტური მოდერნისტული ღირებულებების ნაზავს: როგორც ასეთი, ბევრს მოსწონს დემოკრატია, კორუფციის ნაკლებობა, მიკერძოებულობისა და კლანურობის აღმოფხვრა, ევროპასთან მსგავსება (ეს ‘ევროპული’ ნაწილი), ასევე, წესრიგი და სისუფთავე, მოვლილი ქუჩა, გამართული საჯარო ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურის განვითარება, ზოგადად, სახელმწიფოს მიერ მაღალი პასუხისმგებლობის აღება (არ უყვარს არავის აღიარება, მაგრამ დიდწილად ეს სწორედ საბჭოთა მოდერნულობის დაფასების შედეგია). მეორე მხრივ, ყოველდღიურობაში თანასწორობისა და სამართლიანობის უნივერსალური პრინციპები და ევროპულობის იმიჯის შენარჩუნების მცდელობა ადვილად ირღვევა ნაცნობ-ახლობლების მიმართ ლოიალობის გამოხატვის საჭიროების გამო. მეტიც, არა მხოლოდ ახლობლების მიმართ არსებობს ლოიალობა, არამედ პირად სივრცეში შემოსული უცხო ადამიანიც კი ადვილად ხდება ახლობელი და  ძალიან ადვილად ჩნდება მისი დახმარების, ურთიერთობის პასუხისმგებლობა თუ სურვილი. ჩემი შემოთავაზება აქ ასეთია – ჩვენ შეგვიძლია ეს კონკრეტული პარტიკულარიზმი, მიკერძოებულობა, ლოიალობა აღვიქვათ და გარდავქმნათ უფრო განზოგადებადი სოლიდარობის რესურსად. და აგერ ერთი-ორი მაგალითი.

მაგალითი 1: ერთი პერიოდი ეგრეთ წოდებულ სტაიანშიკებზე,  პარკირების არაფორმალურ თანაშემწეებზე, ვაკეთებდი კვლევას. ქალაქის ცენტრში ერთ საკმაოდ ცნობილ კაფეში გარეთ მდგარ მაგიდებთან ჩამომჯდარ „სტაიანშიკს“ ვესაუბრებოდი, ამ კაფეს მეპატრონე რომ გამოჩნდა. როცა გაიგო ჩემი კვლევის შესახებ, მისი თანდასწრებით დაიწყო „სტაიანშიკების“ ლანძღვა. ამბობდა, რომ ისინი პარაზიტები არიან, ქალაქის იერსახეს აფუჭებენ, ტყუილად იღებენ ფულს მძღოლებისგან, მძღოლებს აშინებენ, გადასახადებს არ იხდიან და წვერსაც კი არ იპარსავენ  სამსახურში მოსვლამდე (ეს წვერის გაპარსვის ამბავი სულ მხვდება ხოლმე თვალში. თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაც სულ იმით ამაყობს, მაგალითად, რომ მძღოლებს წვერგაუპარსავებს არ უშვებენ სამუშაოდ – და მე თუ არ ვცდები, ნამდვილად კომუნისტური პერიოდიდან შემორჩენილი ‘ღირებულებაა’); მაგრამ ერთია, რას ამბობს კაფეს მეპატრონე და მეორეა, რას აკეთებს. კაფეს მეპატრონე ზის თავის საკუთარ კაფეში „სტაიანშიკთან“ ერთად, მაგიდასთან. „სტაიანშიკი“ ამასობაში მიირთმევს ბურგერს და კარტოფილს, რომელიც ერთ-ერთმა მძღოლმა სხვა დაწესებულებაში იყიდა და  მიართვა. ისედაც, დღის განმავლობაში „სტაიანშიკი“ მუდმივად ამ კაფეს მაგიდასთან ზის, საფერფლეს იყენებს და მომსახურე პერსონალსაც ეურთიერთება. თან კაფეს მესაკუთრე ამ  კონკრეტულ „სტაიანშიკს“ კარგადაც არ იცნობს – კაფესთან სტაბილურად მომუშავე „სტაიანშიკები“ კოლეგებთან ერთად საქეიფოდ არიან წასულები და ეს უფრო სარფიანი ადგილი ერთი დღით დაუტოვეს მათთან შორიახლოს მომუშავე „სტაიანშიკს“. ანუ სხვანაირად რომ ვთქვა, კაფეს მეპატრონე ლანძღავს „სტაიანშიკებს“, მაგრამ პარალელურად ქვეშ ერთი წუთითაც არ აყენებს კითხვის ნიშნის ამ კონკრეტული, რეალურად უცნობი „სტაიანშიკის“ მიერ მისი კერძო საკუთრების უფასოდ მოხმარების თავისუფლებას. (პს. მერწმუნეთ, რამდენადაც მე მინახავს, მსგავს შემთხვევას დასავლურ კაპიტალისტურ ქალაქებში ადვილად ვერ გადააწყდებით, კერძო საკუთრებას მარგინალიზებული ინდივიდები ვერც ეხებიან, ვერც იყენებენ და კითხვის ნიშნის ქვეშაც არასდროს დგება კერძოობის მკაცრად შემოსაზღვრულობის მიზანშეწონილობა).

მაგალითი 2: გარემოვაჭრეობის კვლევისას ბაზრების ადმინისტრაციასაც ხშირად ვესაუბრებოდი. ბაზრების კერძო მესაკუთრეებისთვის, რა თქმა უნდა, გარემოვაჭრე ყველაზე დიდი პრობლემაა. 2013 წელს „დეზერტირების ბაზრის“ ახალი შენობა რამდენიმე თვის გახსნილი იყო და მოვაჭრეები ჯერ ბაზარში ვერ შეჰყავდა ადმინისტრაციას, ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი გრძელი საუბრის ბოლოს გამოტყდა – მე თვითონაც ვყიდულობ გარემოვაჭრეებისგან საღამოობით პროდუქციას, იაფად ყიდიან და მეცოდებიანო. აქ პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო წესიერ პენსიას ვერ არიგებს, თორემ სულ არ იქნებოდნენ გარეთ მოვაჭრეები და ჩემი ბიზნესიც არ დაზარალდებოდაო.

ასეთი მაგალითები უამრავია – სწორედ ამიტომაც ვერ განდევნის ხელისუფლება ადვილად გარემოვაჭრეებს თუ „სტაიანშიკებს“. ის მოქალაქეებიც კი, რომლებიც წუწუნებენ გარემოვაჭრეებზე, ხშირად იყიდიან მათგან პროდუქტს. პოლიცია, რომელსაც გარემოვაჭრის განდევნა ევალება, ერთხელ და ორჯერ უხეშად მოეპყრობა მოვაჭრეს, მაგრამ მესამე ჯერზე უკვე იცნობს მას. რამდენიმე თვეში ისიც კი იცის, რომელ მოვაჭრეს უწევს უფრო ხშირად წნევა, რომელს შეუძლია მის გამოჩენაზე გაქცევა, რომელს სტკივა ფეხი და ვის ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. რაც არ უნდა ცვალო და გადააადგილო პოლიციელი, სულ ცოტა ხანში მაინც დაიწყება მასა და მოვაჭრეს შორის ურთიერთობის პერსონალიზაცია და შეუძლებელი გახდება პოლიციელისთვის მოვაჭრის შევიწროება.

სოლიდარობის რესურსიც სწორედ აქ არის – კერძო სოლიდარობის დაფასებასა და მათი ზოგადსაზოგადოებრივი მნიშვნელობის დანახვაში. უთანასწორო ქართული საზოგადოება ამ ყოველდღიური სოლიდარობის ხარჯზე ახერხებს სოციალურ რეპროდუქციას. როგორც ასეთი, ზემოთ მოყვანილი კონფლიქტი – უნივერსალურსა და კერძოს შორის შეგვიძლია, ამოვაყირაოთ და სხვანაირი ბალანსი მოვუძებნოთ. ის, რომ კონკრეტულ მყიდველს, პოლიციელს, კაფეს მეპატრონეს უჭირს, შეავიწროოს მოვაჭრე, როცა პირადად უწევს მასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი ინტერესის დარღვევა კი არა,  საზოგადოებრივი სიკეთეა. ის, რასაც სახელმწიფო თავს გვახვევს და რასაც ასე ადვილად ვარღვევთ ყოველდღიურად – კაპიტალის ინტერესების საზოგადოებრივ ინტერესად შერაცხვა – შეგვიძლია, არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც უარვყოთ.

არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს ყველაფერი კარგადაა. პირიქით, პრინციპში, თბილისში ყველაფერი ცუდადაა. სახელმწიფო ვერ გვიცავს ქალაქის სივრცის საოცარი სისწრაფით კომოდიფიკაციისგან, მაგრამ ცდილობს, გარემოვაჭრეებისგან დაგვიცვას. საზოგადოების სტრატიფიკაციის პროცესში მარგინალიზებული მოსახლეობის საჯარო სივრციდან განდევნის მცდელობა (ნაცმოძრაობის მიერ მყარსაფუძველჩაყრილი) სხვა არაფერია, თუ არა იმ პატარ-პატარა სოლიდარობების გაქრობა, რაც შეძლებულ და გაჭირვებულ მოსახლეობას ჯერ კიდევ აკავშირებს. ეს განწმენდა ინდივიდებმა უკვე მწვავედ იწვნიეს. ყველა ის შეტევა, რაც გარემოვაჭრეებმა 2005-06 წლის შემდეგ გადაიტანეს, კონკრეტული ადამიანების გაუბედურებად, ვალების აკიდებად, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის შელახვად დაჯდა. მე მარტო იმის თქმა მინდა, რომ ამ პროცესებთან ბრძოლისთვის ჯერ კიდევ არსებობს რესურსები: ერთი, თავად შევიწროებული ჯგუფები ადვილად არასდროს დანებებულან და მეორეც, მოსახლეობის ნაწილს სრულად არ ჩაუქნევია ხელი – კლასობრივი განსხვავების მიუხედავად, სოლიდარობის გამოხატვისა და საკმაოდ გავრცელებული შემთხვევები ისევ მოიძებნება.

ეს წინააღმდეგობები, მოვაჭრეებისა და მოქალაქეების, მათ შორის კერძო მესაკუთრეებისა და სახელმწიფო მოხელეების, პატარ-პატარა შემთხვევები თითქოსდა სასურველი წესრიგის ყოველდღიურობაში დარღვევისა, მგონია, რომ შესაძლებელია, სახელმწიფოს მარკეტიზაციის პოლიტიკის შესარყევად მობილიზდეს.  სხვანაირად რომ ვთქვა  და კაპიტალისტური წესრიგის მოყვარულებსაც რომ მივმართო – თქვენც ყოველდღიურად არღვევთ ამ წესრიგს; არღვევთ იმიტომ, რომ მისი ზედმიწევნით დაცვა შეუძლებელია და რეალურად კონფლიქტში მოდის ჯერ ისევ შემორჩენილ საბაზისო მორალურ ნორმებთან. ხოდა, თუ შევთანხმდებით, რომ გარემოვაჭრეებთან ბრძოლა (ისევე, როგორც სხვა მოწყვლად და მარკეტიზაციის პროცესში დაზარალებულ ჯგუფებთან ბრძოლა) შეუძლებელი ბრძოლაა, მაშინ იქნებ, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ბრძოლას მორიგება ჯობია. ერთი გზა, რასაც დღეს მივმართავთ, მარტივი გზაა – უბრალოდ, მოვაჭრეებისთვის საჯარო სივრცეზე წვდომის შენარჩუნებაში მხარდაჭერა – მორალური, სიმბოლური, დისკურსიული. ესეც ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ის სრული დუმილი საჯარო სივრცეში, რომლითაც ჩვენ 2006-2012 წლებში ვეგუებოდით მოვაჭრეების დევნას და ბრძოლაში მარტოს ვტოვებდით. მეორე და გრძელვადიანი გზა კაპიტალისტური წესრიგის სოციალური ხარჯის აღიარებით იწყება და კაპიტალიზმის დაბალანსების არაკაპიტალისტური ჩარევის ხარჯზე მოგვარებით. როგორც მთელი სტატიაა, ვცდილობ, გამოვთქვა – ეს კაპიტალიზმის ყოველდღიური დათმობა (და კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ის კაფეს მესაკუთრე) ისედაც მიმდინარეობს. ამ დათმობის სახელმწიფო დონეზე მობილიზებას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ერთი მხრივ, სოციალური ხარჯის შემცირებისა და მეორე მხრივ, სხვადასხვა წესრიგს შორის კონფლიქტის შემცირების მიმართულებით.

უფრო კონკრეტული რომ გახდეს ეს საუბარი: სახელმწიფო ვერ განდევნის მოვაჭრეებს და თუ მოწესრიგება სურს, მაშინ: უნდა აღიაროს მოვაჭრეების სოციალური მოწყვლადობა, ზოგად სახელმწიფო დონეზე უნდა გაზარდოს სოციალური დახმარების პროგრამების მოცულობა; მიკრო დონეზე უნდა ჩაერიოს კომერციული ფართის ფასების დარეგულირებაში, ბაზრებისა და სავაჭრო ცენტრების მფლობელებსა და მოვაჭრეებს შორის მოლაპარაკებებში; უნდა გამოყოს საჯარო სივრცეები, სადაც მოვაჭრეებს უფასოდ ან დაბალი და სტაბილური გადასახადის ნაცვლად შეეძლებათ ვაჭრობა; უნდა გახსნას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ბაზრები და სხვა სახის სავაჭრო სივრცეები. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეული დოზით უკვე მოხდა „ნაცმოძრაობის“ პერიოდში – მთავრობამ უსასტიკესი ზომების გამოყენების მიუხედავად, ვერ შეძლო გარემოვაჭრეების სრული ალაგმვა და დაიწყო ჩარევა – ოღონდ არაფორმალურად. არაფორმალურად ცდილობდა ფასების დარეგულირებას; არაფორმალურად აძალებდა ინვესტორებს მეტი ბაზრის გახსნას; მესაკუთრეებსა და მოვაჭრეებს შორის მოლაპარაკებებშიც ერეოდა. ფორმალური ინსტიტუციური ბაზის გარეშე ეს ჩარევის პრაქტიკა „ნაცმოძრაობის“ ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ სწრაფად გაილია და მოვაჭრეებიც ქუჩას დაუბრუნდნენ. ახლა შეგვიძლია, კიდევ ერთხელ წავიდეთ უკვე გავლილ წრეზე ან დავიწყოთ არაკაპიტალისტური გამოსავლის ძიება.

წყარო

გაზიარება